„ოცნების უფლებაც კი არ მაქვს, რადგან მე ღარიბი ოჯახის შვილი ვარ“ - 10 წლის გიორგი თელავიდან
„ოცნების უფლებაც კი არ მაქვს, რადგან მე ღარიბი ოჯახის შვილი ვარ“ - 10 წლის გიორგი თელავიდან
ეს, 10 წლის გიორგია თელავიდან. ბავშვმა ისეთი სიტყვები მითხრა (კორესპონდენტს), რომ გული შუაზე გამეგლიჯა. „ოცნების უფლებაც კი არ მაქვს, რადგან მე ღარიბი ოჯახის შვილი ვარ“. ამ სიტყვების თქმისას, პატარა გიორგის ცრემლები წამოსცვივდა და დახეული მაისურის სახელოთი მოიწმინდა. ბავშვი თავის ოცნებებს, ნაგავსაყრელზე ნახულობს. დიახ, ამ ანგელოზი ბიჭის ოცნებები, ნაგავსაყრელზე იწყება და იქვე მთავრდება.
„ტელეფონზე სულ ვოცნებობდი. ვიცოდი, რომ არასდროს ახდებოდა ჩემი ოცნება, რადგან ოჯახში საჭმელიც კი არ გვაქვს. ერთ დღეს კი, ჟანგიანი ტელეფონი ვიპოვე ნაგავსაყრელზე. გავასუფთავე და სახლში წამოვიღე. იმის მერე, სულ თან დამაქვს. ვითომ, ნამდვილი ტელეფონია და ჩემს მეგობრებს ვურეკავ ხოლმე. მდინარე ალაზანზე, ჩემი სოფლის ბავშვები ველოსიპედებით მიდიან, მე კი ვერ დავდივარ, რადგან ჩემს ველოსიპედს საბურავი დაეშვა და ისედაც, გაფუჭებულია. მაგრამ, მაინც ვერ ვიმეტებ ნაგავში გადასაგდებად. მთელი გულით ვოცნებობ ახალ ველოსიპედზე. ისეთი ბედნიერი ვიქნებოდი, რომ მთელი სოფელი გაიგებდა, სიხარულისგან როგორ ვყვირი. ასევე ვოცნებობ, რომ ბურთი მქონდეს. ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში. დიდი რომ გავიზრდები მინდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდე. ერთი ბურთი მქონდა 4 წლის განმავლობაში. ერთმა კეთილმა ადამიანმა მაჩუქა პირველ კლასში რომ ვსწავლობდი. მაგრამ, დაიჩუტა ეს ბურთი და ვეღარ ვთამაშობ. ადრე, ტელევიზორში მულტფილმების ყურებით ვერთობოდი, ახლა კი, ეგეც აღარ შემიძლია, რადგან უკვე 2 წელია, გაფუჭებული გვაქვს ტელევიზორი და დედა ახალს ვერ ყიდულობს, რადგან მხოლოდ მამას წამლებისთვის, უფრთხილდება თითოეულ ლარს. მამა ლოგინზეა მიჯაჭვული. დეიდა, თქვენ რომ მოხვედით, თითქოს, იმედი მომეცა. იქნებ, ერთ დღეს, მართლა ასრულდეს ჩემი ოცნებები.
(დანიშნულება: გიორგი დიმიტრიშვილი)