ბავშვების ახდენილი სურვილები

გოგოშკურ საპრანჭაო რაღაცეებზე ვოცნებობ
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნატალის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ნატალი: თქვენ ყველაფერი დაიმახსოვრეთ, რაც გთხოვეთ? ეს ხომ სასწაულია, ზღაპარი! ალბათ, მალე პრინცესა გავხდები, რადგან ახლა ყველაფერი მაქვს, რაზეც ვოცნებობდი! ოჰ, როგორ მინდა, ახლა ბაჭიასავით ვიხტუნო სიხარულისგან!

ხელები მაღლა! თენგოს „მაგალი თოფი“ აქვს
თენგო: ბახ, ბახ! ახლა კი, დაიმალე! მე გესვლი! დიდი მადლობა, დეიდა! ახლა, ძალიან, ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშებ!

ახალი ფეხსაცმელი მინდა, ოღონდ ჩემი ზომა!
და აი მოხდა სასწაული! დიდია უფალი! გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავისი ვინაობა არ გაამხილა, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენ პატარა ბენეფიციარს - ლუკას, ნანატრი ფეხსაცმლის თანხა გადაურიცხა!
ლუკა ამ კეთილშობილ ადამიანს მადლობას აი ამ ნახატით უხდის და იგი ამას აკეთებს სრულიად გულწრფელად, ისე, როგორც ეს მხოლოდ ბავშვებს შეუძლიათ, ისინი კი ჩვენი სამშობლოს მომავალია!
არაჩვეულებრივ ბიჭუნა ლუკას უერთდება ჩვენი ფონდის მთელი კოლექტივი!
გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი ვინაობა, კეთილშობილო ადამიანო, რათა გამოგიგზავნოთ ეს ნახატი. თქვენთვის ის იქნება როგორც ხატი და თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება სასწაულები. ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ცალსახად თქვა: როცა ბავშვს დახმარების ხელს უწვდი, ეს ნიშნავს, რომ შენ მიწვდი მას მე!

ყველაზე ფუმფულა მეგობარი მყავს!
ნია: ისეთი კარგი და ფუმფულაა, საბავშვო ბაღშიც კი არ მინდა წასვლა. მინდა, რომ სულ ჩავეხუტო! შეხედე, ლოყას ასე დაადებ და შეგიძლია დაიძინო. იცი როგორი თბილია? ყველას გისურვებთ, ასეთი ბაჭიის ყოლას!
– კიდევ რას ისურვებდი?
ნია: ერთი „გემრიელი“ საწოლი მინდა, მოსახერხებელი და თბილი, ჩემთვის და ჩემი ბაჭიასთვის. რომ დავწვე და ლამაზი სიზმრები დამესიზმროს. და მორჩა!

მე თოჯინების სამოთხეში ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ანას! ის თქვენ გიღიმით! არასოდეს მიოცნებია, ორი თოჯინა მქონოდა ერთად! ახლა კი, ნახეთ რამდენი სათამაშო გვაქვს! ოთხი და ვართ. თამარა ყველაზე პატარაა და ჩვენს თოჯინებს თმით თუ არ ათრევს, შეგვიძლია, „დედა-შვილობანა“, „სკოლობანა“, „ექიმობანა“ რომ ვითამაშოთ. მოდით, თქვენც ითამაშეთ ჩვენთან ერთად. ახლა, სათამაშოები ყველას გვეყოფა!

თოჯინა რომ არ მქონდა, სულ მეტირებოდა!
ანი: აი, ჩემი ლელა! ჩემი საუკეთესო მეგობარია. როგორ ფიქრობთ, ისევე ვეყვარები, როგორც მე მიყვარს? ვაიმე! რა ლამაზია! და როგორი თმა აქვს! ხომ მგავს? სად ნახეთ?
- შენთვის თოჯინას ვეძებდით, როგორც გვთხოვე და შენმა ლელამ რომ შეგვამჩნია, თვითონ გვთხოვა, შენთან წამოგვეყვანა! ამიტომ მოგიყვანეთ!
ანი: აუ, რა მაგრები ხართ! მადლობა! იცით, მასთან ერთად რა ტკბილად დამეძინება? ვერც კი წარმოიდგენთ!

რით დავიწყო ოცნება, როცა სახლში წვიმს და ქარი ქრის?
ლუკა (11 წლის ): დედა მხოლოდ უგემურ საჭმელებს ყიდულობს. ვთხოვ, რომ ტკბილეული მიყიდოს, მაგრამ ამბობს, რომ „არ შეიძლება“! ვოცნებობ, როცა გავიზრდები, 5 კილო კანფეტი ვიყიდო და მარტომ შევჭამო. არა, ვხუმრობ. ვიცი, რომ დედას ფული საერთოდ არ აქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. სახურავიდანაც ჟონავს, ფანჯრებში კი შუშის ნაცვლად ცელოფანია გაკრული და ფეხსაცმელი არც ერთს არ გვაქვს, დედაჩემს კი შვიდნი ვყავართ! როდესაც ასეთი სიტუაციაა, საკუთარი ოცნებების „დამალვა“ მიწევს. ისე შემიძლია გითხრათ, რაც მჭირდება.

ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა სალომეს! ის თქვენ გიღიმით!
სალომე: რა მაგარია! არც ვიცოდი, ასეთი ლამაზი თოჯინები საერთოდ თუ არსებობდნენ! შენ იცოდი? ღმერთო! რა ლამაზია! სულ უნდა ვეთამაშო ხოლმე! რა ბედნიერებაა! სხვებსაც აქვთ ასეთი თოჯინები? რა დავარქვა? ნანა დავარქვათ. ან ნინო... კარგი, მერე მოვიფიქრებ. შეიძლება, ორი სახელი რომ ერქვას? ნანანინო?

წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ეს გოგონა მე ვარ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ნიას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ნია: ზუსტად ასეთ სათამაშო სახლზე ვოცნებობდი. ჩვენ ხომ, არ გვაქვს სახლი და ყველანი ავტოფარეხში ვცხოვრობთ (ნიას ჰყავს 7 და-ძმა) მეც ისეთი სახლი მინდოდა, რომ წარმოვიდგინო ხოლმე, ვითომ, მე ვცხოვრობ იქ. ამ თოჯინას, ნიას დავარქმევ და ვითომ, მე ვარ! ვიქნები ძალიან ბედნიერი და ხალისიანი! ძალიან დიდი მადლობა! უდიდესი! გოგონა ნია და თოჯინა ნია მადლობას გიხდიან და მაგრად გკოცნიან!

ეს სპაიდერმენის საბანი მართლა ჩემთვის შეკერეს?
სანდრო: ეს ვინ დახატა? მართლა ჩემთვის შეკერეს? ჯერ არ გავხსნათ! ისე ვუყურებ, კარგი?
- ბევრმა კეთილმა ქართველმა გაიგო, რომ სპაიდერმენის თეთრეული ძალიან გჭირდებოდა და შეაკერინეს შენთვის.
სანდრო: რა ყოჩაღები არიან, ეს კეთილი ქართველი ადამიანები. რა მაგარია, ეს რომ გააკეთეს! მადლობა!

ძნელია სურვილების ჩაფიქრება, როცა გშია...
როცა ძალიან შიათ და სახლში პურის ნატეხიც კი არ არის, ტყუპები ანა-მარია და ანასტასია, რომლებიც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მღერიან ან ლექსებს ამბობენ. ასე ივიწყებენ ისინი შიმშილსა და სხვა პრობლემებს.

ჩვენი საწოლი პრინცესების სასახლესავით არის!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა მეგის! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
მეგი: მე და ჩემს დებს ერთ საწოლზე გვეძინა და ერთმანეთს ვაწუხებდით. დედას სულ უნდოდა ჩვენთვის საწოლის ყიდვა, მაგრამ ფულის შეგროვება ვერ მოახერხა. გვეგონა, რომ ჩვენი საწოლი მალე დაიშლებოდა და აღმოვჩნდებოდით იატაკზე. მაგრამ, თქვენ დროულად მოხვედით და გადაგვარჩინეთ! საწოლი კი არა, ნამდვილი სასახლე მოგვიტანეს! ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი და მყუდრო! აქ, მხოლოდ ძილი კი არა, ცხოვრება მოგინდება! ლამაზ ფარდებს დავკიდებთ და ნამდვილი პრინცესებივით ვიქნებით!
|