ბავშვების ახდენილი სურვილები
„ჩემი კაბები დახეულია, სხვა ბავშვებს კი დედები ლამაზ კაბებს აცმევენ“.
ნიაკო, 3 წლის: „მე ძალიან მიყვარს ხინკალი. ძალიან მიყვარს, მაგრამ სახლში არ გვაქვს. ახალ სათამაშოებზე ვოცნებობ. ჩემი ყველა სათამაშო ძველია. მე თოჯინებზეც ვოცნებობ.
„ათასმილიონ“ მადლობას გეუბნებით ყველას!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ბარბარეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ბარბარე: ერთი, ორი, სამი, რვა... ათი... უკვე სათვალავიც კი ამერია! შეხედე! ამდენი სილამაზე თუ გინახავს ერთად? ალბათ, მხოლოდ მაღაზიაში! ახლა, ჩემს ახალ საწოლს შეხედე, სადაც ეს ლამაზი კაბები, ქურთუკები და სვიტერები დევს - ჩემია ეს ყველაფერი! არც დახეულია და არც არავის სცმია - სულ ახალია! გესმის? პირდაპირ მაღაზიიდან! იარლიყებიც კი ჰქონდა! არც კი მჯერა! ყველას გეუბნებით დიდ მადლობას - იმდენს რამდენი ახალი ტანსაცმელიც მაქვს - „ათასმილიონს“!
პატარა სალომეს მთავარი სურვილი აუსრულდა!
სალომე: მე ყველაზე ჩასახუტებელი დათუნია მყავს, შენც კარგი გოგო ხარ, მაგრამ ასეთი ფუმფულა - არა.
- თოვლის ბაბუას რას სთხოვდი სალომე?
სალომე: პლანშეტს ვთხოვდი, რომ დათუნიასთან ერთად მულტფილმებს ვუყურო.
***
მადლობა მეგობრებო, რომ არ დატოვეთ სალომე მეგობრის გარეშე. ღმერთმა აგისრულოთ ყველა კეთილი სურვილი. ზუსტად ვიცით, რომ ასეც იქნება.
ნახეთ, როგორ ჩააფრინდა თავისი პაწაწუნა ხელებით ახალ მეგობარს. ახლა ისინი სულ ასე იქნებიან.
ახლა, ჩემი ლამაზი თოჯინა ყოველთვის ჩემთან იქნება!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა ლიზის! ის თქვენ გიღიმით! გახსოვს, ჩემი თოჯინა რას ჰგავდა, ძაღლმა რომ დაგლიჯა? მერე საერთოდ დავკარგე და ვტიროდი. ახლა კი... ღმე-ე-ერთო ჩე-ე-ე-ემო! რამდენი სათამაშო გვაქვს! რამდენი ლამაზი სათამაშო! არც კი ვიცი, როგორ ვითამაშო ამდენით ერთად. მაგრამ, არა უშავს, მე და ჩემი დები უცებ გავარკვევთ. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენთვის ახალი სათამაშოები არ დაენანა და გაგვახარა ასე ძალიან!
ულამაზესი სამოსი ულამაზესი თამარისთვის!
თამარი: ახლა, ამ ლამაზ კაბებს და ფეხსაცმელს ჩავდებ ჩემს ლოგინში და მთელი ღამე ჩავიკრავ გულში! ნახეთ, რა სილამაზეა! საინტერესოა, ვინ აარჩია და იყიდა ჩემთვის? ალბათ, მასაც გოგონა-შვილები ჰყავს.
- ჩვენ ყველა შენი სურვილი ავასრულეთ. ახლა მითხარი, კიდევ რა გინდა?
თამარა: ლამაზი ფერადი ფანქრები და სახატავი ალბომი, სკოლისთვის. მერე, კიდე გეტყვი!
სიმშვიდე, მხოლოდ სიმშვიდე!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა დემეტრეს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
დემეტრე: ამხელა ველოსიპედი რომ დაინახა, დედიკომ მითხრა: "არ მიეკარო, ჩამოვარდები!" მე ვუთხარი: „დამშვიდდი! დიდი ვარ და ტარება ვიცი." და იცით, ეს მართლა შევძელი! ოჰ, რა მაგარი ვარ! ვინ მაჩუქა? ბევრმა ადამიანმა? ყველანი ძალიან გულკეთილი ადამიანები არიან! ვუსურვებ, მათ შვილებსაც ველოსიპედები და ბევრი კანფეტები რომ ჰქონდეთ. დიდი მოკითხვა და უდიდესი მადლობა გადაეცით ყველას ჩემგან!
ახლა ლიზი ძალიან ლამაზი გოგოა - ლიზი პრინცესაა!
ლიზი: ნახე, ახლა დავბზრიალდები და ჩემი კაბაც "პრინცესულად" გაიშლება. ლამაზი ვარ, არა? კაბაც ვარდისფერია, ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. ახლა, სულ ამ კაბით ვივლი! ვაშა-ა-ა-ა! ლიზი ბედნიერია! და ლიზის ყველანი უყვარხართ! აი აქ, გულში!
მოდი, გაგასეირნებ, გოგონავ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა აბრამს! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
ბალიში, საბანი და რამე გემრიელი მინდა
„თბილი საბანი და ამქვეყნად ყველაზე რბილი ბალიში მოგვიტანეს! ადრე ქურთუკები გველაგა თავქვეშ და საბნის ნაცვლადაც ვიფარებდით. ძალიან მოუხერხებელი და ცივი იყო. ახლა კი ყველაფერი გვაქვს! იცით, იმდენად საშინელ სიზმრებსაც აღარ ვხედავთ და ერთმანეთს აღარ ვეკრობით. ყველას საკუთარ ბალიშზე და საკუთარი საბნის ქვეშ სძინავს. ეს ისეთი ლამაზია და სასიამოვნო!
ანასტასიას "ბევრები" თოჯინები და ფერადი ფანქრები აქვს
ანასტასია: ეს ბელაა, ეს კი - ლელა, ჯერ ერთით ვთამაშობ, მერე რომ დაიღლება, მეორეთი. მე რომ დავიღლები, ან მათ თუ სძინავთ, ჩემს ჯადოსნურ ჩანთას ვხსნი ხოლმე, რომელშიც ბევრი ფანქრები მაქვს! იცი, რა ლამაზად უნდა ვისწავლო ხატვა? სულ მალე, ყველაზე მაგარი მხატვარი გავხდები!
იზა, 9 წლის: რა გულკეთილი ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში! მე კი, არც ვიცოდი! მამაჩემი 2 წლის წინ გარდაიცვალა. ალბათ, ვიღაცამ უთხრა მათ!
გაიღიმეთ, მეგობრებო! თქვენ ბედნიერება აჩუქეთ პატარა იზას! ის პირადად თქვენთვის იღიმის!
პოლიგლოტი უნდა გავხდე!
გეგი: ალბათ, არ დამიჯერეთ, წიგნები რომ იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. მიყვარს კითხვა! მთელი ჩემი ბიბლიოთეკა დაიწვა, დედაჩემს კი, არ ჰქონდა ფული, წიგნები რომ ეყიდა ჩემთვის. ოცნებაღა დამრჩენოდა. მახსოვს, გაგიკვირდათ, როდესაც წიგნები გთხოვეთ, მითხარით, რომ ჩემი ასაკის ბიჭები ითხოვენ ტელეფონებსა და ველოსიპედებს. მე კი, მხოლოდ წიგნებზე ვოცნებობ. მინდა დამოუკიდებლად ვისწავლო და ლინგვისტი გამოვიდე. ინგლისურით დავიწყებ, მერე კი, გავაგრძელებ გერმანულით, ფრანგულით, იტალიურით და ესპანურით... შემდეგ, დანარჩენ ენებსაც ვისწავლი. მადლობა, სერიოზულად რომ მიიღეთ ჩემი ოცნება და წიგნების ჯადოსნური სამყარო მაჩუქეთ!
|
|